ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია თბილისის რამოდენიმე შენობაში "უკანონოდ შეჭრილი“ დევნილი ოჯახების გამოსახლების პროცესიდან "პოლიტიკური ქულების დაწერას“ ცდილობს.
ხელისუფლებამ დევნილთა გამოსახლების პროცესი თბილისის 22 დროებითი თავშესაფრიდან 20 იანვარს განაახლა. გასული წლის ივლისში და აგვისტოში დევნილები თბილისში მდებარე ოთხი შენობიდან გამოასახლეს.
23 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აქცენტები“ საუბრისას სუბელიანმა განაცხადა, რომ ის შენობები – რომელთაგაც ნაწილი სახელმწიფო მფლობელობაში, ხოლო ნაწილი კერძო საკუთრებაშია – და საიდანაც დევნილები გამოასახლეს ან უნდა გამოასახლონ, დევნილებმა "უკანონოდ“ დაიკავეს ორი წლის წინ აგვისტოს ომის შემდეგ. საუბარია როგორც აფხაზეთიდან, ისე ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ოჯახებზე.
სუბელიანმა განაცხადა, რომ ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდონ დევნილებს რაიონებში ალტერნატიულ საცხოვრებელზე დათანხმდნენ, "ოპონენტები საკითხის პოლიტიზირებას ახდენენ“.
მხოლოდ რამოდენიმე დევნილი ოჯახი დათანხმდა რაიონებში გადასახლებაზე, სადაც მათ საცხოვრებელს საკუთრებაში სთავაზობენ. ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც დევნილები უარს ამბობენ რაიონებში გადასახლებაზე, იქ სამუშაო შესაძლებლობების ნაკლებობაა.
კობა სუბელიანმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება, უცხოელი დონორების დახმარებით, მცირე სესხებს სთავაზობს გადასახლებულ ოჯახბს სასოფლო–სამეურნეო მცირე ბიზნესის დასაწყებად.
მან ასევე განაცხადა, რომ არც ერთი გადასახლებული ოჯახი არ დარჩება შესაბამისი კომპენსაციის გარეშე. "ნაწილს უკვე აღებული აქვს ფინანსური კომენსაცია, ნაწილი ამ მომენტისთვის იღებს მას და ზოგიერთებს ექნებათ საკუთარი სახლები [რაიონებში],“ – განაცხადა სუბელიანმა.
ალტერნატიული საცხოვრებლის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილ ოჯახს უფლება აქვს მიიღოს 10 000 აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური კომპენსაცია, რომელიც თბილისში მდებარე დროებითი თავშესაფრიდან გამოსახლებამდე 10 დღით ადრე უნდა იქნას გაცემული.
სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა 21 იანვარს, რომ მისმა სამსახურმა დასავლეთ საქართველოში მდებარე იმ ხუთი დასახლების მონიტორინგი განახორციელა, სადაც ხელისუფლება გამოსახლებულ დევნილებს ალტერნატიულ საცხოვრებელს სთავაზობს და აღმოაჩინა, რომ "სახეზე გვაქვს არაერთი პრობლემა, რომლებიც შეიძლება დევნილთა მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს“. მისი თქმით, მართალია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები გარემონტდა, მაგრამ გადასახლების ადგილებში არ არის საჭირო სოციალური ობიექტები და ინფრასტრუქტურა.